ონლაინ დისკუსია ორგანიზაციულ განვითარებაში HR პროფესიული მიდგომების შესახებ
2021 წლის 30 ნოემბერს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ინიცირებითა და HR hub-ის მხარდაჭერით გაიმართა ერთობლივი ონლაინ დისკუსია თემაზე – HR პროფესიული მიდგომები ორგანიზაციულ განვითარებაში. საკვანძო საკითხებს წარმოადგენდა როგორ ხორციელდება პანდემიით განპირობებულ ცვლილებათა მართვა, რა გამოწვევების წინაშეა მსხვილი თუ საშუალო ან პატარა კომპანიები შიდა ორგანიზაციულ დონეზე მიმდინარე ტრანსფორმაციებისას, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, მაკო ჯაოშვილმა. მან მოკლედ წარადგინა ალტერბრიჯის ხედვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში პარტნიორ ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით და ზოგადად, პროცესების მართვაში ორმხრივი კომუნიკაციის როლის შესახებ. ალტერბრიჯის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია გოგებაშვილმა გააცნო ერთერთი მიმდინარე სიახლე – ადიზესის მეთოდოლოგიით შემუშავებული EMBA პროგრამა, რომელიც ეხება ორგანიზაციათა სასიცოცხლო ციკლში ცვლილებებისადმი მოქნილობასა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ქმედით ნაბიჯებზე, რამაც უზრუნველყო მათ კომპანიებში ერთიანი ძალისხმევით კრიზისული სიტუაციაციის დაძლევა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა. მოწვეულმა ექსპერტმა, გვანცა ბარაბაძემ ხაზი გაუსვა ღირებულებითი კავშირების აუცილებლობას ერთი მხრივ, თანამშრომელთა შრის სტაბილურობის შეგრძნების გასაძლიერებლად, მეორე მხრივ ცვლილებათა მზაობისა და ნდობის გასამყარებლად.