რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე:
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე – რეგისტრაცია
1. რეგისტრაციის I-ეტაპზე თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ მხოლოდ შემდეგი მონაცემები:
- შეავსოთ პირადი მონაცემები;
- აირჩიოთ საგამოცდო ქალაქი;
- მონიშნოთ ჩასაბარებელი საგნები;
- საჭიროების შემთხვევაში მონიშნოთ სპეცპირობა.
2. რეგისტრაციის II-ეტაპი
თქვენ შეგიძლიათ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა.
3. რეგისტრაციის III-ეტაპი
პროგრამის არჩევა, შეცვლა, ჩანაცვლება და თანმიმდევრობის ცვლილება შესაძლებელია საგამოცდო შედეგების გასაჩივრების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.
მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
საგანი/გამოცდა | მაქსიმალური ქულა | გამოცდის ხანგრძლივობა |
ქართული ენა და ლიტერატურა | 70 | 3 საათი და 45 წუთი |
უცხოური ენები | 80 | 2 საათი და 30 წუთი |
მათემატიკა | 51 | 3 საათი |
ისტორია | 60 | 2 საათი და 40 წუთი |
მინიმალური ზღვარი
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში – 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების და გაცემის წესი
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს.
გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია:
1.რეგისტრაციის გავლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
2. რეგისტრაციის დროს არ ხდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამის მითითება, აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გაარკვიოს ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა მისაღები გამოცდების შესახებ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია:
- წაკითხულის გააზრება;
- ანალიტიკური წერა;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
გამოცდისთვის, გამოყოფილია ორი დღე. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, მეორე დღეს კი ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობა თითოეული ნაწილისათვის 70 -75 წუთია.
მაქსიმალური შესაძლო ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები
წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური შესაძლო ქულაა 21, ანალიტიკური წერის ნაწილში – 18, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 17, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 19. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეულ ნაწილში, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს
ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნებზე დაყრდნობით.