უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მონაწილეობა თბილისის მე-8 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში
2021 წლის 18 დეკემბერს, სასტუმრო „იოტაში,“ კვლევისა და განვითარების ევროპული ინსტიტუტის (EIRD) ორგანიზებით გამართულ თბილისის მე-8 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში, ალტერბრიჯის სახელით მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ნათია გოგებაშვილი და ასოც.პროფესორი, სტრატეგიული განვითარების მიმართულებით ვიცე რექტორი, მაკო ჯაოშვილი. ისინი წარდგნენ მოხსენებით თემაზე: „ორგანიზაციათა ტრანსფორმაცია პოსტ კოვიდური პროცესების სამართავად“.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს მათ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები ადამიანური რესურსების პროფესიულ მიდგომებში მიმდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და ისაუბრეს ცვლილებებათა მართვის მოდელების, მათ შორის, ადიზესის სკოლის გამოცდილების შესახებ. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ჩართულობით ფართო აუდიტორიას გავაცანო ჩვენი უნივერსიტეტის ხედვა, გავუზიარე ტრანსფორმაციული ცვლილებებისადმი ჩემი დამოკიდებულება, ამავდროულად, ვუხელმძღვანელე ეკონომიკისა და ფინანსების სექციას. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და სამეცნიერო-შემოქმედებითი კუთხით კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობა“ – აღნიშნა მაკო ჯაოშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობის სიგელი გადასცეს ალტერბრიჯს, როგორც ახალ შემოერთებულ წევრს. „ჩვენი ორგანიზაცია კოლაბორაციის პრინციპით 2018 წლიდან აერთიანებს 60-მდე ქვეყნის 100-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს, ყოველწლიურად ვატარებთ რამდენიმე კონფერენციას, მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, მასტერკლასებს და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივადაც დავგეგმავთ საინტერესო აქტივობებს.“ – თქვა ვახტანგ ჩქარეულმა, EIRD-ის ერთერთმა დამფუძნებელმა და ღონისძიების წამყვანმა. კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და წინასაახლწლო განწყობით დაიგეგმა მომავალი წლის შეხვედრების კალენდარი.