პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება
ყოველწლიურად, თემის გარშემო სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გვეფიქრება. ბავშვებზე, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებიან, უწევთ ბრძოლა სოციალურ უთანასწორობასთან და მოკლებული არიან ძირითად საჭიროებებს. ხშირად, სწორედ შეზღუდული რესურსები უკარგავთ მათ შანსს მიიღონ სრულფასოვანი განათლება კონკურენტულ გარემოში. მიუხედავად ტექნოლოგიური წინსვლისა, არსებობენ ბავშვები რომელთაც ფიზიკურად ვერ აუწყვეს ფეხი თანამედროვე განვითარების ტემპსს.
პანდემიურმა რეალობამ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოზარდისთვის თანაბარი პირობების შექმნა სწავლის, განვითარების, ციფრულ სამყაროსთან და ტექნოლოგიებთან წვდომის საკითხებში. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან უმოკლეს დროში, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში, განათლების სისტემამ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ვირტუალურ სწავლებებაზე გადასვლამ, კიდევ უფრო მწვავედ დააყენა ზემოთ აღნიშნული პრობლემები.
არასასიამოვნო სტატისტიკაა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არ გააჩნია კომპიუტერი ან ვერ იხდის მომსახურების გადასახადს. შესაბამისად, ეს ბავშვები სრულიად სწყდებიან ციფრულ განვითარებას და თანატოლებთან კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ხვდებიან.
უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი“ მუდმივ რეჟიმში ახორციელებს თანამედროვე ახალგაზრდების, მომავალი თაობის მხარდამჭერ ღონისძიებებს. ეხმარება მათ სოციალური პრობლემების დაძლევაში, აფინანსებს და სპეციალურ შეღავათებს უწესებს სწავლის მსურველებს. წელს კი, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ პროექტს #ჩართე, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერის შეძენა ან ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფარვაა. ალტერბრიჯი, რამდენიმე უფროსკლასელისთვის უზრუნველყოფს ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომას, რაც დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და განვითარებაში.
გვჯერა, რომ საუკეთესო რამ, რაც 1-ლი ივნისის დღესასწაულზე შეიძლება გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სწორედ სწავლისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობაა. ვიტოვებთ იმედს, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა განათლების მიღების მსურველ მოზარდებს არ შეხვდებათ მსგავსი ბარიკადები, მეტიც, ექნებათ მაქსიმალურად კომფორტული პრობები საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის. ეს არ გახლავთ ერთჯერადი აქტივობა. ღრმად გვწამს, რომ სწორედ მომავალ თაობაში ინვესტიციაა ქვეყნის მომავლისა და განვითარების გასაღები. სწორედ ამიტომ, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, ამ მიმართულებით მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს და იმედი გვაქვს, ერთად შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს.