სიმპოზიუმი: “ხელოვნური ინტელექტი (AI) მართვასა და კომუნიკაციაში”
სიმპოზიუმი: “ხელოვნური ინტელექტი (AI) მართვასა და კომუნიკაციაში”
21 დეკემბერს, უნივერისტეტ ალტერბრიჯში ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის (AI) რევოლუციური გავლენის შესწავლას მენეჯმენტსა და კომუნიკაციაზე.
სიმპოზიუმის გახსნის მისასალმებელ ნაწილში უნივერსიტეტის რექტორმა, ნათია გოცაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარიამ დარბაიძემ ხაზი გაუსვეს თემის აქტუალობას, როგორც კომპეტენციების დონეზე მიმდინარე ცვლილებების კუთხით, ასევე განათლების მართვაში და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.
სიმპოზიუმის საკვანძო საკითხები შეეხო:
დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და AI-ის არაკეთილსინდისიერი გამოყენების თავდაცვით მექანიზმებს;
ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;
არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
„დღესდღეობით უაღრესად მნიშვნელოვანია ემოციური და ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მხარეების შესწავლით მათი ურთიერთდაკავშირება. თანამედროვე ტექნოლოგიებში მიმდინარე ცვლილებები მომდევნო წელს კიდევ უფრო მრავლისმომცველ პიკს მიაღწევს. განათლების მომავალი გაცილებით შემოქმედებითი და პროგრესული ხდება. წინა პლანზე წამოიწევს კვლევები პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საჭიროებათა დასადგენად როგორც ორგანიზაციების წინსვლის, ასევე დასაქმებულთა უნარების ამაღლების მიზნით.“ აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ალტერბრიჯის პროფესორმა და კვლევით-შემოქმედებითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკო ჯაოშვილმა.
ალტერბრიჯის საგანმნათლებლო-სამეცნიერო მიმართულებით წლის შემაჯამებელი ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაფორმდა მემორანდუმები ახალ ეკონომიკურ სკოლასთან და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციასთან სწავლების, კვლევებისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობის შემდგომი გაფართოებისთვის.