Bridgeბლოგი – საკუთარი თავის ძიება რუტინის მიღმა
რა როლი მაქვს მე ამ ცხოვრებაში?
დღევანდელი სამყარო გვკარნახობს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ „პროცესში“. ჩვენ ვსწავლობთ, რათა მივიღოთ ცოდნა; ვმუშაობთ, რათა შევიქმნათ კარიერა; ვპოსტავთ სოციალურ ქსელებში, რათა დავადასტუროთ ჩვენი არსებობა. თუმცა, ამ დაუსრულებელ სირბილში, ხშირად, გვავიწყდება მთავარი კითხვა: რა როლი მაქვს მე ამ ყველაფერში?
ძიება, როგორც მოგზაურობა და არა დანიშნულების ადგილი.
ბევრს ჰგონია, რომ „საკუთარი თავის პოვნა“ განძის აღმოჩენას ჰგავს – თითქოს ერთ დღეს გავიღვიძებთ და ზუსტად გვეცოდინება, ვინ ვართ. სინამდვილეში, ეს უფრო მეტად შემოქმედებითი პროცესია. როგორც ცნობილი ირლანდიელი დრამატურგი ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა:
„ცხოვრება საკუთარი თავის პოვნას კი არ ნიშნავს, არამედ საკუთარი თავის შექმნას.“
ჩვენი როლი ამ ცხოვრებაში არ არის სადმე გადამალული ფაზლი, რომელიც უნდა ვიპოვოთ. ის იწერება ყოველდღიურად – ყველა იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც სამსახურში, უნივერსიტეტში თუ მეგობრებთან ურთიერთობისას ვიღებთ.
როცა სწავლა და მუშაობა ძიების ნაწილია…
ჩვენს თაობას ხშირად აწუხებს ე.წ. „მოუსვენრობის სინდრომი“. ვმუშაობთ იქ, სადაც ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული ან ვეუფლებით იმას, რაც რეალურად ჩვენი არ არის. ეს გაურკვევლობა თითქოს საშიშია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი.
„იყავით მომთმენი ყველაფრის მიმართ, ეცადეთ, შეიყვაროთ თავად კითხვები… ნუ ეძებთ პასუხებს, რომლებიც ახლა ვერ მოგეცემათ, რადგან მათთან ერთად ცხოვრებას ვერ შეძლებდით.“ – რაინერ მარია რილკე
სწორედ ამ „კითხვებით ცხოვრება“ არის ჩვენი ახლანდელი როლი. მუშაობა და სწავლა მხოლოდ გადარჩენის საშუალება კი არა, არამედ ექსპერიმენტია – ჩვენ ვცდით საკუთარ შესაძლებლობებს, ვირგებთ სხვადასხვა ამპლუას და ასე ვხვდებით, რა არის ჩვენთვის ორგანული და რა – სხვისი თავსმოხვეული სურვილი.
ავთენტურობის მნიშვნელობა
საკუთარი თავის ძიების პროცესში ყველაზე დიდი ბარიერი სხვისი მოლოდინებია. როცა გარშემომყოფები გვეუბნებიან, ვინ უნდა ვიყოთ, ამ დროს ყველაზე ადვილი საკუთარ, შინაგან ხმასთან კავშირის გაწყვეტაა.
„იყავი ის, ვინც ხარ – ყველა სხვა როლი უკვე დაკავებულია.“ ოსკარ უაილდი
ჩვენი როლი ამ ცხოვრებაში არ უნდა იყოს ვინმეს ასლი. თუ ჩვენ ვართ პირობითად სტუდენტი, რომელიც პარალელურად მუშაობს და საკუთარი თავის ძიების პროცესშია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პროცესში მყოფი ადამიანი, რაც ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი მდგომარეობაა.
საკუთარი თავის ძიება არა დაკარგულობა, არამედ შინაგანი სიფხიზლეა. ეს არის წამი, როცა ზედაპირულ კომფორტზე მაღლა შენი ნამდვილი არსის პოვნას აყენებ. ჩვენ არ ვიკარგებით, არამედ გზას ვიკვლევთ იქ, სადაც ჯერ ბილიკი არავის გაუყვანია.
ჩვენი როლი ამ ეტაპზე სწორედ ესაა: ვიყოთ მაძიებლები. არ შეგვეშინდეს შეცდომების, რადგან თითოეული „არასწორი“ ნაბიჯი უფრო ზუსტად გვაჩვენებს იმას, თუ საით არის ჩვენი ჭეშმარიტი გზა, რომელიც საკუთარ თავთან შეხვედრის ყველაზე გულწრფელი მცდელობაა.
ქართული
English
