გიორგი ჭანტურია კანცლერი

მართვისა და კომუნიკაციის საერთშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული აფილირებული პროფესორი და კანცლერი.

2018 წლიდან სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

2005 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის რობინსონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ერთობრივი სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტის კონცენტრაციით.

1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. აქვს მათემატიკოსის და მათემატიკის მასწავლებლის, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.

1997 წლიდან დღემდე აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალხრივი გამოცდილება. მათ შორის იყო საბანკო პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტრი UFC, 1997-2006 წლებში, რომელმაც საქართველოში პირველმა გაიარა წარმატებული სერტიფიკაცია Visa-სა და MasterCard-ში და პირველმა მოიპოვა აღნიშნული სისტემების ბარათების მომსახურების უფლება საქართველოში.

იმავე პროექტის ფარგლებში მისი ხელმძღვანელობით 2000 წელს საქართველოში პირველად ჩაეყარა საფუძველი საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენების პროექტს ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე კომუნალური და მობილური ოპერატორების გადასახადების გადახდის პროექტებს.

ბოლო წლებში გარდა ადმინისტრაციული საქმიანობისა, წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთარგმნელობით საქმიანობას. 2020-2021 წლებში თარგმნა კოლუმბიის უნივერსიტეტის და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორის, სასკია სასენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი – „განდევნები,“ რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ იყო გამოცემული. 2021-ში კი დაგეგმილია მისურის უნივერსიტეტის პროფესორის, ფინანსისტის, სტეფანი კელტონის გახმაურებული წიგნის თარგმნა და გამოცემა, რომელიც თანამედროვე მონეტარულ თეორიას განიხილავს – „დეფიციტის მითი.“

2020 წელს, ჩაატარა ონლაინ საუბრების სერია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკია სასენმა, შვედმა დოკუმენტალისტმა და რეჟისორმა ფრედრიკ გერტანმა,

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ლეილანი ფარჰამ. შვედეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა უსახლკარობის და უძრავი ქონების ფინანსიალიზაციის პრობლემების შესახებ გადაღებული შვედური დოკუმენტური ფილმის The Push ონლაინ ჩვენება და მასში წამოჭრილი პრობლემების განხილვა შვედ და ქართველ ექსპერტებთან ერთად.

1998 წლიდან გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში (Europay Academy, ბელგია, NY University, აშშ, და ა.შ.).

გიორგი ჭანტურია ატარებს ტრენინგებს PR აკადემიაში პროექტების მართვის და ფინასების საკითხებზე, ასევე თანამშრომლობს ვარშავის მენეჯმენტის სკოლასთან ლექტორის რანგში.