3 დეკემბერს ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ეგზისტენციალური დაბადება“
3 დეკემბერს, პირველად საქართველოში ეგზისტენციალური ანალიზის და ლოგოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოების (GLE International), სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯისა“ და ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ონლაინ ფორმატში ჩატარდა გაცნობითი ვებინარი თემაზე: „ეგზისტენციალური დაბადება“.
ვებინარს მოდერაცია გაუწიეს ალფრედ ლენგლეს კოლეგებმა: ირინა რიაზანოვამ, ეგზისტენციალური ანალიტიკოსი 21 წლიანი გამოცდილებით, და ნატალია ბონდარენკომ, Ph.D, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი, GLE-International-ის სასწავლო პროგრამების სუპერვაიზერი და ტრენერი.
ვებინარში ჩაერთო ალფრედ ლენგლე – მსოფლიოში ცნობილი ფსიქოთერაპევტი, ეგზისტენციალური ანალიტიკოსი, კლინიკურ ფსიქოლოგი, მედიცინისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ეგზისტენციალური ანალიზის და ლოგოთერაპიის კონცეფციის საფუძვლები. მიმოიხილა რას გულისხმობს “ეგზისტენციალური დაბადება” და “თავისუფალ ადამიანად დაბადება,” ისაუბრა ამ კონცეფციების მნიშვნელობაზე პიროვნების მიერ რეალიზებული ცხოვრების განცდის პროცესში.
დასასრულს, ვებინარის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს და შეახსენეს, რომ ვებინარების სერია გაგრძელდება 2021 წლის გაზაფხულზე, ხოლო ივნისიდან უკვე საქართველოშიც განხორციელდება გრძელვადიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ეგზისტენციალურ ანალიზსა და ლოგოთერაპიაში.