უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარება: ტრანსფორმაციული განათლება და ინოვაცია“
2025 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ჩატარდა ყოველწლიური, რიგით მეხუთე, სამეცნიერო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება: ტრანსფორმაციული განათლება და ინოვაცია“, რომელმაც აკადემიური დისკუსიების ფორმატში გააერთიანა საქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრები.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალური სამეცნიერო და პრაქტიკული გამოწვევების ინტერდისციპლინური განხილვა.
კონფერენციამ გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, ლექტორები და დოქტორანტები, რომლებმაც წარმოადგინეს თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული თეზისები და ანალიტიკური ხედვები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული სპიკერები საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან, რამაც კონფერენციას დამატებითი აკადემიური ღირებულება და საერთაშორისო კონტექსტი შესძინა.
ღონისძიება თემატური პანელებად განხორციელდა.
პირველი პანელი დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მენტალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. განხილული იყო როგორც ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ასევე ეთიკური გამოწვევები, რომლებიც ჩნდება ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სფეროში AI-ის ინტეგრაციისას საქართველოს კონტექსტში. ამავე პანელის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას საჯარო სექტორში დასაქმებულთა მოტივაციასა და ჩართულობაზე, განსაკუთრებით ინსტიტუციური ცვლილებებისა და თანამედროვე მმართველობის პირობებში. დისკუსიებმა წარმოაჩინა, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის და პირდაპირ უკავშირდება ადამიანურ ფაქტორსა და ორგანიზაციულ კულტურას.
მეორე პანელი ფოკუსირებული იყო ადამიანურ რესურსებზე, სამუშაო ბაზარსა და განათლებაზე. ერთიან კონტექსტში გაანალიზდა ორგანიზაციებში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პრაქტიკა, ახალი თაობის როლი სამუშაო კულტურის ტრანსფორმაციაში და ტრანსფორმაციული განათლების მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. პანელმა წარმოაჩინა, რომ თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატება სულ უფრო მეტად დამოკიდებულია უწყვეტ სწავლაზე, თაობათა ღირებულებების გათვალისწინებაზე და განათლებისა და შრომის ბაზრის სტრატეგიულ თანხვედრაზე.
მესამე პანელი დაეთმო საზოგადოების, კულტურისა და მდგრადი უსაფრთხოების თემებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მედიაში პროპაგანდისა და შეთქმულების თეორიების გავრცელების მექანიზმებზე და მათ როლზე ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ნარატივებში რუსულ და ქართულ მედიაში. ამ პანელში, ასევე, განხილული იყო გენდერული როლების ცვლილება და მათი გავლენა ოჯახურ კეთილდღეობაზე საქართველოში, როგორც კულტურული და სოციალური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. პანელმა ცხადყო, რომ მედია, კულტურა და უსაფრთხოება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საზოგადოების მდგრად განვითარებასთან.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ხედვა და მისია – შექმნას აკადემიური სივრცე, რომელიც ქმნის „ხიდს“ განათლებას, კვლევას, ინოვაციასა და საზოგადოების მდგრად განვითარებას შორის. კონფერენციის ფარგლებში გამოკვეთილი იდეები და მიგნებები საფუძვლად დაედება შემდგომ კვლევებს, ერთობლივ სამეცნიერო ინიციატივებსა და უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის განვითარებას.
ქართული
English


















